როგორ შევაფასოთ სესხის გამცემი ორგანიზაცია
ის, რომ კარგი სესხი მხოლოდ სესხის გამცემ კარგ ორგანიზაციაშია ხელმისაწვდომი, უკვე ბევრჯერ ვახსენეთ, ახლა კი, მოდით, ის კრიტერიუმები განვიხილოთ, რომლის მიხედვითაც სესხის გამცემი ორგანიზაციის შეფასებას და იმის გარკვევას შევძლებთ, ის ჩვენს მოთხოვნებს აკმაყოფილებს თუ არა.
როდესაც საქმე სასესხო პროდუქტებს ეხება, პირველი კრიტერიუმი, რითაც პროდუქტს და მის გამცემ ორგანზიაციას ვაფასებთ, საპროცენტო განაკვეთია, თუმცა, დროთა განმავლობაში და ბაზარზე არსებული უდიდესი კონკურენციის ფონზე, აღმოჩნდა, რომ პროდუქტის და ორგანიზაციის შესაფსებისთვის მხოლოდ ეს ზემოთ ხსენებული კრიტერიუმი საკმარისი სულაც არ არის, მაგრამ, ჩვეულ სტანდარტებს ძალიან ნუ ავცდებით და ჩავთვალოთ, რომ შეფასების პირველი პარამეტრი საპროცენტო განაკვეთია: კარგად ჩაეძიეთ ციფრებს და შეადარეთ ისინი ერთმანეთს. ნუ ენდობით მხოლოდ მსხვილად დაწერილ, სარეკლამო მესიჯად გამოყენებულ მიმზიდველ პროცენტს, რადგან მის უკან ეფექტური საპროცენტო განაკვეთი იმალება, ის რეალური პროცენტი, რაც სესხთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს მოიცავს. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რა შედის ეფექტურ საპროცენტო განაკვეთში და რისგან შედგება ის ხარჯი, რასაც სესხის გამცემი ორგანიზაცია გვაკისრებს. სესხის აღების დროს მიზანშეწონილი არ არის თანხა ისეთ სერვისებში ვიხადოთ, როგორიც სესხის ხელშეკრულების დამზადება ან ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანაა.
კარგ ორგანიზაციაში სესხის მთხოვნასთან, დამტკიცებასთან და აღებასთან დაკავშირებული პროცესები გამჭვირვალეა. თქვენ უფლება გაქვთ იცოდეთ თითოეული იმ ინფორმაციის დანიშნულება, რასაც ბანკს აწვდით. პირობითად, როდესაც ბანკი თქვენგან ისეთ ინფორმაციას ითხოვს, როგორიცა ფინანსურად თქვენზე დამოკიდებულ ადამიანთა რაოდენობაა, ის ცდილობს განსაზღვროს, რა თავისუფალი თანხა შეიძლება გრჩებოდეთ ყოველთვიურად და ამის მიხედვით დაგიგეგმოთ ახალი სესხის ფეიმენთი. პასუხს – „ამ ინფორმაციას რისთვის ვიყენებთ, კონფიდენციალურია“, სესხის გამცემ კარგ ორგანიზაციაში, დიდი ალბათობით, ვერასდროს მოისმენთ.
როდესაც საქმე ონლაინ ანუ სწრაფ სესხებს ეხება, ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება მომხმარებლის გამოცდილებას და სესხის გამცემი პლატფორმის ვიზუალურ მხარეს, ისევე, როგორც პროცესის სიმარტივეს და მოქნილობას. პროდუქტი, რომლის შექმნის არსი სისწრაფე და მობილურობა იყო და არის, არ შეიძლება მომხმარებელს სესხის ასაღებად ხანგრძლივ, გაუკრვეველ და რთულ მოგზაურობაში იწვევდეს. თქვენ შეგიძლიათ თავისუფლად დაუშვათ, რომ იმ პლატფორმაზე, სადაც ვებგვერდზე გამოტანილი პროცესი არ არის მობილური, სესხის დამტკცების პროცესი ორჯერ მეტად არამობილური იქნება.
სანამ სესხს აიღებთ, მისი გამცემი ორგანიზაციის შესახებ აზრი სხვებსაც ჰკითხეთ – ძალიან რთულია ფინანსურმა ინსტიტუტმა მომხმარებლების მხრიდან ერთხმად მოიპოვოს დადებითი შეფასება, და თუ ის მოიპოვა, ესე იგი, დაიმსახურა.
სერვისის კარგი მომწოდებელი არასდროს არის ორიენტირებული მხოლოდ პროდუქტის გაყიდვაზე და მისთვის მომხმარებელთან კომუნიკაცია გაყიდვის პროცესის დასრულებით არ სრულდება. როდესაც საქმე სესხს ეხება, კარგი კომპანია მისი დაფარვის პროცესში და მომხმარებლის კმაყოფილებაში ისეთივე ძალისხმევას დებს, როგორსაც გაყიდვების სტიმულირებაში დებდა: შემახსენებლი შეტყობინებები და ზარები, სესხის რეფინანსირების შეთავაზება და ა.შ…. თუ სესხის აღების შემდეგ კომპანია თქვენი ცხოვრებიდან უკვალოდ ქრება, „კომპანიის პატიოსნებაში“ ეჭვის შესატანად ეს უკვე დიდი საბაბია.
მოკლედ, გახსოვდეთ შემდეგი კრიტერიუმები, რითაც სესხის გამცემი ორგანიზაციის შეფასებას შეძლებთ:
- მომხმარებლის უფლებები-აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება ორგანიზაციაში რამდენად იცავენ თქვენს უფლებებს და რამდენად გამჭვირვალეა სესხის აღების პროცესის თითოეული ნაბიჯი;
- პოპულარობა და რეპუტაცია – გაითვალისწინეთ სხვა მომხმარებლის მოსაზრება და რჩევა.
- მომხმარებლის გამოცდილება და ვიზუალური მხარე – ეს პარამეტრი განსაკუთრებით ონლაინსესხების კომპანიებისთვის არის მნიშვნელოვანი: შეაფასეთ, კომპანია ვებზე რამდენად მარტივ და მოქნილ პროცესს გთავაზობთ, რადგან თუ პროცესი რთული და გაუგებარია, სესხის დამტკიცების და გაცემის პროცედურა უფრო მეტად რთული და ჩახლართული იქნება.
- პროცენტები, პირობები და სესხთან დაკავშირებული დეტალები: სესხის გამცემი კარგი ორგანიზაცია სესხის მნიშვნელოვან დეტალებს არასდროს მალავს და ამის გასავრცელებლად არასდროს იყენებს იმდენად წვრილ შრიფტს, წაკითხვა რომ ვერ შეძლოთ.